კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სტრუქტურა
ისტორია
სიმბოლიკა



ჩვენს შესახებ - წესდება 

წესდების ტექსტი


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
"თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი"-ს


წ  ე  ს  დ  ე  ბ  ა


ქ. თბილისი

2011 წ.
 

მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: ქართულად: `თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი~ (შემდგომში - ცენტრი); ინგლისურად: Tbilisi Center of Cultural Events.

1.2.  ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც არ არის სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.

1.3.  ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და საიდენტიფიკაციო ნომრით, ბლანკი, განკერძოებული ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტოც) საბანკო დაწესებულებებში.

 1.4. ცენტრი უფლებამოსილია მოქალაქეთა სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ერთად თანასწორობის საფუძველზე გაერთიანდეს კავშირში, საზოგადოებრივ მოძრაობებში, სახელოვნებო და სხვა გაერთიანებებში.

 1.5. ცენტრს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ფილიალები (წარმომადგენლობები), სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, აგრეთვე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.

1.6.  ცენტრს შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს მათთან შესაბამისი შეთანხმებები, გარიგებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, დამფუძნებლის მითითებებს, ამ წესდებას და მასში ასახულ მიზნებს.

1.7. ცენტრის სამეურნეო წლად ითვლება კალენდარული წელი.

1.8. ცენტრი დამოუკიდებელია თავისი დამფუძნებლების, ასევე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან და პასუხს არ აგებს მათი ვალდებულებებისათვის ისევე, როგორც ისინი პასუხს არ აგებენ ცენტრის ვალდებულებებისათვის.

1.9. ცენტრს საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად. ცენტრს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში ან არბიტრაჟში.
 
1.10. ცენტრი იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ხორციელდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1.11.  ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას 7.


მუხლი 2.
ცენტრის მიზნები. საქმიანობის ფორმები

2.1.  ცენტრის მიზნებია:
2.1.1.  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, კონკურსებისა და ფესტივალების დაგეგმვა და გამართვა.
2.1.2. საიუბილეო ღონისძიებებისა და დღესასწაულების დაგეგმვა და ორგანიზება;
2.1.3. საქართველოში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
2.1.4.  საზოგადოებაში ხელოვანთა პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.1.5. ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ;
2.1.6. შემოქმედებითი პროექტების შემუშავება, მათი შესრულების ხელშეწყობა და შესრულების პროცესების კონტროლი;
2.1.7.  საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობა ცენტრის საქმიანობის პროცესებში და მათთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
2.1.8. თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.
2.1.9. ცენტრის მიერ დაფინანსებულ და ორგანიზებულ პროექტებში ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
2.2.  ცენტრი საწესდებო მიზნების მისაღწევად:
2.2.1.  ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ამყარებს საქმიან ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო თუ სამეწარმეო სუბიექტებთან, აფორმებს მათთან შესაბამის მემორანდუმებსა და ხელშეკრულებებს;
2.2.2.  მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროგრამებში და კონკურსებში;
2.2.3.  მართავს და აფინანსებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ფესტივალებს და კონკურსებს;
2.2.4.  აფასებს და აკონტროლებს გარიგებების საფუძველზე ცენტრის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების ხარჯვას, გარიგებაში მონაწილე პირების მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
2.2.5.  დადგენილი წესით იყენებს ანგარიშზე არსებულ თანხებს სხვადასხვა პროექტებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და კისრულობს ანგარიშვალდებულებას მათი გამოყენების მიზნობრიობაზე დამფუძნებლის ან/და კონკრეტული დამფინანსებლის წინაშე;
2.2.6.  თანამშრომლობს ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან პროგრამის ან/და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დადგენილი სამუშაოების ეფექტურად წარმართვის მიზნით;
2.2.7.  თანამშრომლობს მას-მედიასთან ცენტრის საქმიანობის რეკლამირებისა და პროპაგანდის მიზნით და აქტიურად იყენებს სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკლამო საშუალებებს.
2.2.8.  კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხასიათს. ცენტრის მიერ მიღებული მოგება რეინვესტირებული უნდა იქნეს ცენტრის - მიზნების, მისი განვითარებისა და სხვა აუცილებელი საქმიანობების განსახორციელებლად.
2.2.9. ზედამხედველობს და აკონტროლებს მის მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტურად განხორციელებას.
2.2.10. თანამშრომლობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კომერციულ ბანკებთან, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან.
2.3.  ცენტრი ახორციელებს სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით და არ ეწინააღმდეგება ცენტრის მიზნებს.
2.4.  საქმიანობას, რომლის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზირება, სერტიფიცირება), ცენტრი წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის (ლიცენზიის, სერთიფიკატის) მიღების შემდეგ.

 

მუხლი 3.
ცენტრის დამფუძნებელი

3.1.  ცენტრი იქმნება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით. 
3.2.  ცენტრის დამფუძნებელია ქ. თბილისის მერია, წარმოდგენილი ქ.  თბილისის მთავრობის სახით (იურიდიული მისამართი – ქ. თბილისი,  შარტავას ქუჩა #7).

 

მუხლი 4.
ცენტრის დამფუძნებლების უფლებამოსილებანი


4.1. დამფუძნებელი უფლებამოსილია:
4.1.1. დაამტკიცოს ცენტრის წესდება, შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;
4.1.2. აირჩიოს და გაათავისუფლოს ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი _ ცენტრის თავმჯდომარე და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები;
4.1.3. მოითხოვოს ყოველგვარი ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელი პირისაგან ცენტრის საქმიანობის შესახებ;
4.1.4. მოისმინოს ცენტრის ხელმძღვანელი პირისაგან ფინანსური და სხვა ხასიათის ანგარიშები;
4.1.5. მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრის ფილიალების (წარმომადგენლობების) დაფუძნების და მათი ლიკვიდაციის შესახებ;
4.1.6. მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
4.1.7.  შენატანის სახით გადასცეს ცენტრს ქონება და მატერიალური/ფინანსური აქტივები ცენტრის მიზნების განსახორციელებლად;
4.1.8. მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრის მიერ უძრავი ქონების შეძენაზე ან მის განკარგვაზე. გასცეს თანხმობა ცენტრის ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე;
4.1.9. აკონტროლებს ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებას;

 

 

 

 

მუხლი 5.
ცენტრის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.
ცენტრის თავმჯდომარე

5.1.1  ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარე, რომელსაც 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ.თბილისის მთავრობა;
5.1.2 ცენტრის თავმჯომარე – ნელი სებისკვერაძე (დაბადებული: ქ. თბილისში; 09.12.1984წ.  პირადი #01008019811; მის: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 16;  პირადობის მოწმობა #ა0287821, 26.06.2001);
5.2.  ცენტრის თავმჯდომარე:
5.2.1. მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
5.2.2.  ცენტრის სახელით აფორმებს მემორანდუმებს, დებს ხელშეკრულებებს, გარიგებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, დამფუძნებელთან შეთანხმებით იძენს და განკარგავს ცენტრის უძრავ ქონებას. ცენტრის უძრავი ქონების უფლებრივად დატვირთვისათვის ან გასხვისებისათვის აუცილებელია დამფუძნებლის თანხმობა;
5.2.3. ზედამხედველობს ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;
5.2.4. ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის ყველა ოფიციალურ დოკუმენტს;
5.2.5. უზრუნველყოფს ცენტრის დამფუძნებლის გადაწყვეტილებების შესრულებას;
5.2.6. ათანხმებს დამფუძნებელთან განსახორციელებელი ღონისძიებების წლიურ ბიუჯეტს;
5.2.7. დასაფინანსებელ პროექტებთან დაკავშირებით დებს მესამე პირებთან შესაბამის ხელშეკრულებებს ცენტრის სახელით;
5.2.8. ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, განსაზღვრავს საშტატო ნუსხას (ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით), შრომის ანაზღაურების პირობებს, წყვეტს პრემიების გაცემის ან სხვაგვარი წახალისების დაან თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ცენტრის მიზნების განსახორციელებლად აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან.
5.2.9. წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს დამუძნებელს ცენტრის საქმიანობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ;
5.2.10. ესწრება საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს;
5.2.11 თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარის მოადგილეს;
5.2.12. ცენტრის მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5.3. ცენტრის თავმჯდომარეს ცენტრის ფინანსური სახსრებიდან ენიშნება ხელფასი, რისი ოდენობაც განისაზღვრება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.
5.4.  ცენტრის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე დამფუძნებლის მიერ ცენტრის ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე. ცენტრის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცენტრის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე;

 

მუხლი 6.
საკონსულტაციო ჯგუფი

6.1.  საკონსულტაციო ჯგუფი (შემდგომში _ჯგუფი) შედგება არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 8 (რვა) წევრისაგან, რომელთაც 1 (ერთი) წლის ვადით ნიშნავს თავმჯდომარე.
6.2 საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციაა ცენტრის თავმჯდომარისათვის რჩევებისა და რეკომენდაციის მიცემა ცენტრის მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
6.3 ჯგუფის შეკრება განხორციელდება თავმჯდომარის ინიციატივით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
6.4 ჯგუფის სხვა უფლებამოსილებებს და კრების მოწვევის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს ცენტის თავმჯდომარე. 


მუხლი 7.
ცენტრის ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

7.1.  ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
7.2.  კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის ქონების ფორმირება ხდება:
7.2.1. დამფუძნებლის ქონებრივი და ფინანსური შენატანებით;
7.2.2. საკუთარი დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით, მისი საწარმოებისა და ორგანიზაციებიდან მიღებული შემოსავლებით;
7.2.3. ადგილობრივი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებით;
7.2.4. გრანტებით;
7.2.5. კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით;
7.2.6. სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას.
7.3. ცენტრს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, ინვენტარი და სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
7.4.  საკუთარი მიზნების მისაღწევად ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, დააფუძნოს საწარმოები და სამეურნეო ანგარიშიანი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად, მისი განაწილება ცენტრის დამფუძნებლებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის არ დაიშვება.
7.5. ცენტრის თავმჯდომარეს აკისრია პასუხისმგებლობა ცენტრის ფულადი სახსრების მიზნობრივ განკარგვასთან დაკავშირებით;
7.6.   ცენტრი თავის ქონებას და ფინანსურ სახსრებს ფლობს, იყენებს და განკარგავს წესდებით დადგენილი მიზნების შესაბამისად. ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა შესაძლებელია დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 8.
ცენტრის წესდების მოქმედების, გადასინჯვის, გაუქმების და მასში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი


8.1. ცენტრის წესდება მოქმედებს ცენტრის საქმიანობის ყველა სფეროში, მისი დაცვა სავალდებულოა დამფუძნებლისა და ყველა ხელმძღვანელი პირისთვის.
8.2. წესდების გადასინჯვა, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა, შეჩერება ან გაუქმება ცენტრის დამფუძნებლის პრეროგატივაა.
8.3   ცენტრის თავმჯდომარეს უფლება აქვს ქ.თბილისის მთავრობის წინაშე შევიდეს წინადადებით ამ წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 9.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია


9.1.  ცენტრის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.
9.2. ცენტრის საქმიანობა წყდება:
9.2.1. დამფუძნებლის ინიციატივით და გადაწყვეტილებით;
9.2.2. გაკოტრებისას;
9.2.3. რეგისტრაციის გაუქმებისას;
9.2.4. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10.
ცენტრის დამფუძნებელი

ქ. თბილისის მთავრობა


    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI